loader image

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი

Share on facebook
Share on linkedin
2021 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი, რომელიც იცავს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებს ფინანსურ ინტიტუტებთან ურთიერთობაში. გვინდა გაგაცნოთ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება აღნიშნულ წესში:
ბანკს შეეზღუდა სესხის დაფარვის მიზნით ვადიანი დეპოზიტის დარღვევის უფლება. ახალი რეგულაციით ბანკი აღარ არის უფლებამოსილი სესხის დაფარვის მიზნით დაარღვიოს თქვენი ვადიანი დეპოზიტი, რომელიც გახსნილი გაქვთ ამავე ბანკში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ვადიანი დეპოზიტი დაგირავებულია სესხის უზრუნველსაყოფად და გირავნობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
შემცირდა წინსწრებისა და რეფინანსირების საკომისიოს მაქსიმალური მოცულობა. ახალი რეგულაციით სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპების (მაგ: ფიქსირებული, ინდექსირებული, ცვლადი) გათვალისწინებით განისაზღვრა იმ საკომისიოების მაქსიმალური მოცულობები, რაც შეიძლება დაგაკისროთ ბანკმა სესხის წინსწრებით დაფარვისას ან სხვა ბანკიდან სესხის რეფინანსირებისას. მაგ. ცვლადგანაკვეთიანი სესხების შემთხვევაში წინსწრების/რეფინანსირების საკომისიო აღარ შეიძლება იყოს სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 1 %-ზე მეტი, ხოლო ინდექსირებულგანაკვეთიანი (მაგ: რეფინანსირების განაკვეთზე, ლიბორზე ან სხვა საჯარო ინდექსზე მიბმული) სესხის შემთხვევაში – 0,5 %-ზე მეტი. აქამდე არსებული რეგულაციით იდექსირებულ და ცვლადგანაკვეთიან სესხებზე საკომისიოს მაქსიმალური მოცულობა შეადგენდა 2%-
მსესხებელს მიენიჭა უფლება აირჩიოს სესხის დაფარვის რიგითობა. თუ ბანკში სარგებლობთ ერთდროულად რამდენიმე სესხით და ერთდროულად გიწევთ დავალიანების დაფარვა, ახალი რეგულაციით თქვენ გენიჭებათ უფლება უშუალოდ სესხის დაფარვის ეტაპზე აირჩიოთ (წინასწარი შეთანხმება დაუშვებელია) თუ რომელი სესხის დასაფარად უნდა მიიმართოს პირველ რიგში თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა.
მსესხებელს მიენიჭა უფლება აირჩიოს კონვერტაციის პრიორიტეტი სესხის თანხის დაფარვისას. თუ თქვენ გაქვთ საბანკო ანგარიშზე თანხა სხვადასხვა ვალუტაში, ახალი რეგულაციის თანახმად თქვენ თავად განსაზღვრავთ თუ რომელი თანხით მოხდება თქვენი სესხის დაფარვა. მაგ. თუ სესხს იხდით აშშ დოლარში და ანგარიშზე გაქვთ თანხა ლარში და აშშ დოლარში, ბანკი არ არის უფლებამოსილი სესხის დასაფარად დააკონვერტიროს ლარში არსებული თანხა და პირველ რიგში აშშ დოლარში არსებული თანხა უნდა მიმართოს სესხის დასაფარად.
ბანკს დაეკისრა ვალდებულება შესთავაზოს მსესხებელს ერთზე მეტი სადაზღვევო კომპანია ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევისას. დღემდე არსებული რეგულაციით ბანკები თვითონ განსაზღვრავდნენ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას, რომელშიც სესხთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო ქონების ან მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა. ახალი რეგულაციით ბანკები ვალდებულნი არიან, რომ მსესხებელს შესთავაზონ მინიმუმ 3 (სამი) ალტერნატიული სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პროდუქტი. გარდა ამისა, დღეიდან მსესხებლები თვითონ არიან უფლებამოსილნი წარადგინონ ბანკში სადაზღვევო პოლისი მათ მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანიიდან, ხოლო ბანკს არ აქვს უფლება, დასაბუთების გარეშე, უარი განაცხადოს მის მიღებაზე. აღნიშნული ცვლილებების მიზანს წარმოადგენს მომხმარებლებისათვის მეტი თავისუფლების მინიჭება სადაზღვევო პროდუქტის არჩევისას.
ბანკს დაეკისრა მსესხებლის ინფორმირების ვალდებულება სესხის გაცემაზე უარის თქმისას. ახალი რეგულაციით ბანკი ვალდებულია შეატყობინოს მსესხებელს სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი, თუკი უარის მიზეზია კრედიტინფოში ასახული მონაცემები.
გაიზარდა ბანკის მიერ ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად ცვლილების შეტყობინების ვადა 2 (ორი) თვემდე. თუ ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვენი თანხმობის გარეშე, ცალმხრივად შეგიცვალოთ სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობა, ის ვალდებული იქნება არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე შეგატყობინოთ აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ძველი რეგულაციით აღნიშნული ვადა შეადგენდა ერთ თვეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი რეგულაციით ცვლილების შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნოს არამარტო მსესხებელს, არამედ თავდებს, იპოთეკის საგნის მესაკუთრეს და დამგირავებელს.
ბანკს დაეკისრა გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკების შეტყობინების ვალდებულება. ახალმა რეგულაციამ შემოიღო გენერალური ხელშეკრულების ცნება და ბანკები დაავალდებულა, რომ მასთან დაკავშირებული რისკები დეტალურად გააცნონ მომხმარებლებს. გენერალური ხელშეკრულება არის ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც პერიოდულად გაიცემა სესხები თუ სხვა საბანკო პროდუქტი. თუ თქვენ დგებით თავდებად ან ტვირთავთ ქონებას სხვის სასარგებლოდ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, დღეიდან ყველა ბანკს მოუწევს წერილობით გაგაფრთხილოთ, რომ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში თქვენი თანხმობის გარეშე შეიძლება გაიცეს ახალი სესხები და მათზე გავრცელდება თქვენი პასუხისხმგებლობა. გარდა ამისა, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ყოველი ახალი სესხის გაცემისას ბანკი ვალდებულია თავდებს, იპოთეკის საგნის მესაკუთრესა და დამგირავებელს შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სესხის გაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აქამდე არსებული რეგულაციებით ბანკებს შეტყობინების ვალდებულება არ ქონდათ.
ბანკს დაეკისრა თავდების, იპოთეკის საგნის მესაკუთრისა და დამგირავებლის ინფორმირების ვალდებულება სესხში ცვლილების შეტანისას. თუ თქვენ სხვა პირის სასარგებლოდ გაცემულ სესხზე ხართ თავდები ან დატვირთული გაქვთ ქონება და იცვლება აღნიშნული სესხის პირობები, ბანკი ვალდებულია ცვლილებების შეტანის თაობაზე შეგატყობინოთ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.
ბანკს დაეკისრა სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულება. ახალი რეგულაციით, თუ თქვენ ხართ თავდები ან სხვის სესხზე დატვირთული გაქვთ ქონება და აღნიშნულ სესხზე წარმოიშობა დავალიანება/ვადაგადაცილება, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, გაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე. ამ ცვლილებების მიზანია, ის რომ თავდებმა და ქონების მესაკუთრემ დროულად შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა სესხის ვადაგადაცილებისას.