loader image

ჩვენი გუნდი

ვახტანგ შანავა

მმართველი პარტნიორი

განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის მაგისტრი

სამართლის ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება

საქართველოს ბანკი

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ჯგუფის უფროსი/უფროსი იურისტი

იურისტი

იურისტ-ადმინისტრატორი

 სამართლებრივ-ადმინისტრაციული ოფიცერი

ენები

ქართული

ინგლისური

რუსული

წევრობა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

________________________________

რაც თავი მახსოვს იურისტობა მინდოდა. ბავშვობაში, ენგურის ჭალებზე მოხეტიალეს, იურისტებზე საკმაოდ რომანტიზებული წარმოდგენა მქონდა და ეს პროფესია საგმირო საქმეების ჩადენასთან ასოცირდებოდა ჩემთვის, ადამიანების დაცვასთან და სამართლიანობისთვის ბრძოლასთან… მას მერეც დიდად არაფერი შეცვლილა. ახლაც, როცა მეკითხებიან – რომ არა იურისტი რა გამოხვიდოდიო – პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს.

უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, სადაც ათი წლის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ბანკში თითქმის ყველა იურიდიული პოზიცია მეკავა და სხვადასხვა მიმართულებით შევიძინე ფასდაუდებელი გამოცდილება. ვთვლი, რომ შრომისმოყვარეობის გარდა, ამაში მუდამ ახლის სწავლისკენ და განვითარებისკენ სწრაფვის წყურვილი დამეხმარა. მიმაჩნია, რომ ზოგადი ინტერესი და ცნობისმოყვარეობაა აუცილებელი თვისებები იმისთვის, რომ არასოდეს გაჩერდე და მუდამ წინ იარო.

ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ჯგუფის უფროსისა და სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას მივხვდი, რომ ინდივიდუალური ნიჭით და შრომისმოყვარეობით შესაძლებელია თამაშის მოგება, მაგრამ ჩემპიონატს გუნდები იგებენ. იმასაც მივხვდი, რომ არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი, თუ მას რაიმე სიკეთე არ მოაქვს ადამიანებისთვის. კიდევ იმას მივხვდი, რომ პიროვნული ეგოს კონტროლი და საკუთარი თავის შეცნობა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და თუ ადამიანები უფრო მეტად გულწრფელნი ვიქნებით საკუთარ თავთან და პერიოდულად შევეკითხებით ჩვენს თავს, ჩვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები ნამდვილად სწორ საქმეს ემსახურება თუ არა, სამყარო გაცილებით უკეთესი ადგილი გახდება საცხოვრებლად. მენეჯერულ პოზიციებზე შეძენილი პროფესიული გამოცდილება რა მოსატანია ამ დიად აღმოჩენებთან?…

არ მახსოვს სად და როდის, მაგრამ აქამდე მომავალ გზაზე ისიც ვისწავლე, რომ თუ რამეს აკეთებ, კარგად უნდა აკეთო. ახლა ლოიალს ვქმნით, ათასი იდეით და კარგი საქმეების კეთების სურვილით დახუნძლულნი და ვიცით, რომ აუცილებლად კარგად გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, რადგან იმედი მაქვს, რომ წლების მანძილზე ჩემ მიერ მოსმენილი ძალიან ბევრი მოტივატორი სპიკერი და მენეჯმენტის გურუ არ ცდება და როდესაც ძალიან გინდა რაიმე კარგად გააკეთო, აუცილებლად გამოგივა.

სასიამოვნოა თქვენი გაცნობა

სრულად

ეკა ტუღუში

მმართველი პარტნიორი

განათლება

საქართველოს უნივერსიტეტი

• სამართლის მაგისტრი

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა

სამართლის ბაკალავრი 

სამუშაო გამოცდილება

საქართველოს ბანკი

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

სამსახურის უფროსი/უფროსი იურისტი

 იურისტი

 სამართლებრივ-ადმინისტრაციული ოფიცერი

ენები

• ქართული

• ინგლისური

 რუსული

წევრობა

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

________________________________

ყველა აღნიშნავს რომ იმ ტიპის ბავშვი ვიყავი, რომელსაც ყოველთვის გააჩნია საკუთარი აზრი და არ ეშინია მისი დაცვის. ალბათ ამიტომ არავისთვის ყოფილა მოულოდნელი, როცა იურისტობა გადავწყვიტე. მკაცრად მჯერა, რომ ნებისმიერი პოზიცია მნიშვნელოვანია და იმსახურებს დაცვას კანონის ფარგლებში. ჩემთვის იურისტი ის ადამიანია, რომელიც უსმენს ყველას, ეხმარება მათ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და ზუსტად ჩამოყალიბებაში, როცა საჭიროა – დაცვაში, გვერდში უდგას ნებისმიერ წამოწყებას, იდეის განხორციელებას და იცავს მათ მომავალი საფრთხეებისგან.

უნივერსიტეტის დასრულებიდან მალევე დავიწყე იურიდიული პრაქტიკა და იურიდიულ ინდუსტრიას შევუერთდი როგორც სამართლებრივ-ადმინისტრაციული ოფიცერი, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი კარიერის მხოლოდ დასაწყისი იყო, დღემდე მჯერა, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება. სწორედ ამ დროს მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ბიზნესის ე.წ. წინა ხაზზე. ყოველდღიურად მქონდა შეხება ბანკის უმსხვილეს კლიენტებთან, რომლებიც ამავე დროს ქვეყნის უმსხვილეს ბიზნესებს წარმოადგენდნენ, მათთან ერთად განვიხილავდი რა ჯობდა მათი ბიზნესისთვის ან ახალი წამოწყებისთვის და მათი იდეების განხორციელებაში წვლილი მეც შემქონდა. ამ გამოცდილებამ კარგად დამანახა ბიზნესის საჭიროებები, რა მოთხოვნები აქვთ მათ მომსახურების მიღებისას, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული წამოწყების დროს გუნდი, რომელიც გეხმარება და გაძლევს კვალიფიციურ რეკომენდაციებს, რათა შენ არ მოცდე იმაზე ფიქრით, რაც შენი „ძლიერი მხარე“ არ არის.

იურიდიულ ინდუსტრიაში ჩემი პირველი ნაბიჯების შემდგომ დავაგროვე 10+ წლიანი გამოცდილება და არაერთ კომპლექსურ და საინტერესო პროექტში ვყოფილვარ ჩართული. იურიდიული პროფესია სწორედ ამიტომაა ჩემთვის ასეთი მიმზიდველი, გაქვს შესაძლებლობა ერთ პროექტზე მუშაობისას ერთდროულად იყო „კანონმდებელი“ – განმარტო ნორმა განსხვავებულად და „შენებურად“, „მწერალი“ – დამიჯერეთ ხელშეკრულების წერასაც არანაკლები მხატვრული ნიჭი სჭირდება, „ფსიქოლოგი“ – გაიგო შენი კლიენტისგან ისიც, რაც არ თქმულა, „თარჯიმანი“ – თარგმნო ბუნდოვანი, გაუგებარი იურიდიული ტერმინები „გასაგებ ენაზე“ და „შუამავალი“ – შენს კლიენტსა და მეორე მხარეს შორის. ამიტომ ყოველთვის მიკვირს, როცა ვიღაცისგან მესმის, რომ ეს პროფესია მოსაწყენია, აბა როგორ შეიძლება მოიწყინო, როცა ამდენი პროფესიის „მანტიის“ მოსხმა გიწევს?

ჩემი კარიერის განმავლობაში, თითოეულმა გამოცდილებამ და პროექტმა ერთი მარტივი რაღაც მასწავლა – ადამიანს შეუძლია იყოს იმდენად კარგი, რამდენადაც კარგნი არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობს. დავრწმუნდი, რომ ვერც ერთი პროექტი თუ წამოწყება ვერ იქნება წარმატებული, თუკი წარმატებული არ არის მასში მონაწილე თითოეული წევრი. სწორედ ამიტომ, ვიცი, რომ ჩემი წარმატება დამოკიდებულია კლიენტის წარმატებაზე და ჩემი წვლილი კლიენტის წარმატებაში ორმხრივად მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის ასევე კლიენტისათვის.

დღეს ლოიალს სწორედ ამ სულისკვეთებით ვქმნით, ვიდგეთ ახალი იდეების და წამოწყებების გვერდით, დაგეხმაროთ ნებისმიერ ურთიერთობაში, გიპოვოთ კრეატიული და განსხვავებული გამოსავლები და უბრალოდ გავხადოთ შესაძლებელი ის, რაც კანონის ფარგლებში ერთი შეხედვით შეუძლებელს გავდა.

სასიამოვნოა თქვენი გაცნობა

სრულად