საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ან მომსახურების საფასურის გადახდა დასაშვებია მხოლოდ ლარში. გამონაკლისს წარმოადგენს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ტრანზაქციები, მაგალითად: ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციები, საწარმოს კაპიტალის შენატანი, სესხის გადახდა და სხვა.
სანქცია: ამ წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს ტერიტორიაზე ქონების ან მომსახურების რეკლამირებისას/შეთავაზებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარში. ხელშეკრულებით დასაშვებია პროდუქტის ან მომსახურების ფასის დადგენა უცხოურ ვალუტაში, თუმცა ანგარიშსწორება უნდა მოხდეს ლარში.
სანქცია: ამ წესის დარღვევა იწვევს რეკლამის დამკვეთის/შეთავაზების მიმცემის გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ყოველი შემდგომი დარღვევა – 5000 ლარის ოდენობით.
ქონების განვადებით ნასყიდობისას დაუშვებელია ქონების საფასურის უცხოურ ვალუტაზე მიბმა, თუ ნასყიდობის შედეგად მყიდველის ჯამური ვალდებულება გამყიდველის მიმართ არ აღემატება 200,000 ლარს. განვადებით ნასყიდობაა, როდესაც ქონების მყიდველისათვის გადაცემა ხდება ფასის სრულად გადახდამდე, ხოლო ფასის გადახდა ხდება ნაწილ-ნაწილ, მყიდველს და გამყიდველს შორის შეთანხმებული პერიოდულობით.
სანქცია: ამ წესის დარღვევა იწვევს პირის გაფრთხილებას. გაფრთხილებიდან 30 დღეში დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღეში დარღვევის აღმოუფხვრელობა კი იწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.
შენიშვნა: დარღვევის აღმოფხვრად ითვლება ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს ამ წესს.
200,000 ლარამდე სესხის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ლარში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვალის ჯამური ვალდებულება კრედიტორის მიმართ აღემატება 200,000 ლარს.
სანქცია: ამ წესის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. გაფრთხილებიდან 30 დღეში დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღეში დარღვევის აღმოუფხვრელობა კი იწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.
შენიშვნა: დარღვევის აღმოფხვრად ითვლება სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სესხის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს ამ წესს.
ქონების ლიზინგით შეძენისას დაუშვებელია ლიზინგის საზღაურის უცხოურ ვალუტაზე მიბმა, თუ ლიზინგის მიმღების ჯამური ვალდებულებები ლიზინგის გამცემის მიმართ არ აღემატება 200,000 ლარს.
სანქცია: ამ წესის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. გაფრთხილებიდან 30 დღეში დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღეში დარღვევის აღმოუფხვრელობა კი იწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.
შენიშვნა: დარღვევის აღმოფხვრად ითვლება ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ლიზინგის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს ამ წესს.